შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეტ ალექსანდრინა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ ალექსანდრინა დე ბურბონი
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1705
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 15 აპრილი, 1765, (59 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება მადმუაზელ დე სენი
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი III, კონდეს პრინცი
დედა: ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
ხელმოწერა

ელიზაბეტ ალექსანდრინა დე ბურბონი (ფრანგ. Élisabeth Alexandrine de Bourbon; დ. 5 სექტემბერი, 1705 — გ. 15 აპრილი, 1765) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი მეუღლის, ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ქალიშვილი.

ელიზაბეტ ალექსანდრინა დაიბადა 1705 წლის 5 სექტემბერს, ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ქალიშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასული. მას სახელი ელიზაბეტი მისივე უფროსი დის, კონტის პრინცესა ლუიზ ელიზაბეტის პატივსაცემად დაარქვეს, ხოლო ალექსანდრინა მისი ბიძის, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრ დე ბურბონის პატივსაცემად.

დაბადებიდან სამეფო კარზე იგი ცნობილი იყო მადმუაზელ დე გექსის სახელით, ხოლო როდესაც წამოიზარდა იგი მადმუაზელ დე სენი გახდა. იგი, როგორც ბურბონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, ატარებდა სისხლისმიერი პრინცესისა და მისი უდიდებულესობის წოდებას.

თავისი დებისა და ძმების მსგავსად (გამონაკლისები მხოლოდ ლუი ანრი და ლუიზ ელიზაბეტი არიან) არც ელიზაბეტ ალექსანდრინა დაქორწინებულა. თავდაპირველად იგი მოიაზრებოდა მისი დეიდაშვილის, ლუი ორლეანელის საცოლედ, თუმცა ეს ნიშნობა ლუის დედამ, ანუ ელიზაბეტ ალექსანდრინას დეიდამ, ორლეანის ჰერცოგინია ფრანსუაზ მარიმ ჩაშალა, რადგანაც მას თავისი ვაჟისთვის გერმანელი ცოლი სურდა. ელიზაბეტ ალექსანდრინა არასდროს მონაწილეობდა სამეფო კარის ინტრიგებსა და შეთქმულებებში. მას ასევე ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მეფე ლუი XV-ის სამეფო საყვარელ მადამ დე პომპადურთან.

თავისი უფროსი დის, ლუიზ ანას მსგავსად, პარიზის გარეთ მას უამრავი რეზიდენცია ჰქონდა. 1734 წელს მან შეიძინა ნუარმუტიეს სასახლე. 1744 წელს ასევე შეიძინა ვილეჟენისა და აინის დიდი სალორდო მამულები. 1755 წლიდან იგი სამუდამოდ გადასახლდა ვილეჟენის სასახლეში და იქ გაატარა თავისი ცხოვრების ბოლო წლები. ცნობილია, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი 430, 000 ლივრს შეადგენდა. მან თავის სასახლეში დაიქირავა ცნობილი ფრანგი მხატვარი ფრანსუა დესპორტე, რომელმაც ალექსანდრინას რამდენიმე პორტრეტი შექმნა.

ელიზაბეტ ალექსანდრინა გარდაიცვალა 1765 წლის 15 აპრილს, 59 წლის ასაკში. ვინაიდან მას შვილები არ ჰყავდა, მთელი მისი ქონება მემკვიდრეობით მისმა ბიძაშვილმა, ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონმა მიიღო.

  • Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living. Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 44.